ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. შენგელიას მოწმის სტატუსით ადვოკატთან ერთად გამოკითხავენ.

როგორც ბაჩანა შენგელია ამბობს, ისინი გამოძიებას წარუდგენენ მტკიცებულებებს, რომელიც ვიდეო მასალასაც მოიცავს.

„გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც ამ თვენახევრის განმავლობაში გამოიკვეთა საქმეში. ვაპირებთ, პროკურატურას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, მტკიცებულებები, ყველა ის ფაქტი, რაც არის ამ დანაშაულის მნიშვნელოვანი დეტალი. თვითონ ფაქტი გამოძიების დაწყების კარგია, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად და მოკლე ვადაში მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა. ვიდეომასალები არის გარკვეულწილად ამ დანაშაულის მტკიცებულებითი ნაწილი, თუმცა არის ასევე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტური ნაწილი, სადაც არ არის მხოლოდ ვიდეომტკიცებულებებზე საუბარი და შესაბამისად, ვფიქრობ, ერთადერთი, რაც გამოძიებამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ აღნიშნული მასალები შეკრიბოს, რაც უკვე გვაქვს გაკეთებული, დაკითხოს მოწმეები და წარუდგინოს დამნაშავეებს ბრალი.

ზოგადად ეს საქმე არის შესაძლო ზეწოლისა და პოლიტიკური დევნის საქმე. ბუნებრივია, ყველა დოკუმენტი რაც ჩვენ გაგვაჩნია, უკავშირდება ამ საქმეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია“,-აცხადებს ბაჩანა შენგელია.

მისივე თქმით, ია კერზაიას ადრე ჯანრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება ფსიქოლოგიური ტერორის შედეგია.

„არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა ია კერზაიას არ ჰქონია, რაც მე მახსოვს, ამ ადამიანს ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემა, სიცხეც კი არ ჰქონია. ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია იმ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, დევნამ და ტერორმა, რაც განახორციელოს მის სკოლაში და რამაც საბოლოოდ მისი ჯანმრთელობის გაუარესება და გარდაცვალება გამოიწვია”,- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად, სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.