ზუგდიდის „დინამომ“ პირველად მოიგო, „არაგვი“ კი ისევ აგებს
ზუგდიდის „დინამომ“ პირველად მოიგო, „არაგვი“ კი ისევ აგებს

ეროვნულ ლიგა2-ში მე-7 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კი სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ისევ ვერ მოიგო დუშეთის „არაგვმა”, რომელმაც თბილისის „შევარდენი 1906″-ს „დავით პეტრიაშვილი – არენაზე” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ნიკა ქორიძემ (24), თომა ხუბაშვილმა (35) და გოგიტა გოგუამ (45+2). მასპინძლებიდან პრესტიჟის გოლი ზვიად ქანთარიას (75) ანგარიშზეა. დუშელებს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ 52-ე წუთზე ნიკა ხინთიბიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის მიწურულს მეტოქეები მოედანზე 10-10 კაცით დარჩნენ, რადგან ორივე გუნდიდან მოთამაშეები გააძევეს. კონფლიქტისთვის 89-ე წუთზე არბიტრმა მოედანი „არაგვის“ თავდამსხმელს, ზვიად მეტრეველსა და „შევარდენის” მეკარეს, გიორგი ნადირაძეს დაატოვებინა.

ზუგდიდის „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. განმუხურში გამართულ შეხვედრაში ამირან აბუსელიძემ დუბლი (24, 38) შეასრულა, ერთიც გოჩა ცირდავამ ( 54) გაიტანა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი თომა ტაბატაძის (36) ანგარიშზეა. 72-ე წუთიდან „რუსთავი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან არბიტრმა ავთო ენდელაძე გააძევა.

მე-7 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება:

ოთხშაბათი, 12 აგვისტო

გაგრა – სამგურალი

17:30. მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი

მერანი მრ – ვიტ ჯორჯია

17:30. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი