ზორან მარუშიჩი - სერბეთში მეგობრებმა მირჩიეს, „დინამოს“ შანსი ხელიდან არ გამეშვა
ზორან მარუშიჩი - სერბეთში მეგობრებმა მირჩიეს, „დინამოს“ შანსი ხელიდან არ გამეშვა

„დინამო თბილისი“ წინასასეზონო მზადების პირველ ეტაპს განაგრძობს. გიორგი ნემსაძის გუნდს უკვე შეუერთდნენ ფილიპ ორშულა და საიმონ ბენიო, ორიოდე დღეში კი ვიქტორ მონხილი და კარლოს კასტროც დაემატებიან.

გუნდთან ერთად ვარჯიშობს მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც შვეიცარიული „ციურიხიდან“ ჩამოსვლის შემდეგ კარგად ხანი მკურნალობდა, მერე ფორმის აღდგენას ცდილობდა და ყოველივე ამის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

გუნდიდან ირაკლი ბუღრიძე წავიდა, რომელიც კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. „დინამო“ ასევე ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვიქტორ პერნამბუკომ დატოვა – 22 წლის თავდამსხმელმა, რომლის ტრანსფერი უკრაინულ „ლვივს“ ეკუთვნის, საქართველოს ჩემპიონ გუნდში კი იჯარით თამაშობდა.

თბილისურ კლუბში გადასვლაზე კომენტარი სერბმა ახალწვეულმა, ზორან მარუშიჩმა გააკეთა.

„თბილისურ კლუბზე პირველად წლების წინ გავიდე. მე სერბი ვარ და მახსოვს, „დინამო“ ევროპის ლიგაზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ რომ შეხვდა. მეგობრებს რომ ვკითხე, მითხრეს, ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ვნახე კლუბი, გარემო და გუნდში ჩარიცხვით ბედნიერი ვარ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მნიშვნელოვანია. ძლიერი ტურნირია, სადაც დონე ყოველთვის მატულობს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში მთავარი მორიგი ტიტულის მოპოვებაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემი გუნდი ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციასა და ჩემპიონატში მოგებისთვის იბრძოლებს“, – განაცხადა „დინამოს“ სერბმა ახალწვეულმა.