„ზლინის“ მწვრთნელი - ჩვენ სწორედ ნაჭყებიასნაირ თავდამსხმელს ვეძებდით #1TVSPORT
ჩეხურმა კლუბმა „ზლინმა“ „სამტრედიადან“ გადასული თავდამსხმელი ზვიად ნაჭყებია გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინა.
„ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის პირველი შენაძენი „სამტრედიას“ 24 წლის გარემარბი, ქართველი ზვიად ნაჭყებიაა. მან კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 170 სანტიმეტრი სიმაღლისა და 70 კილოგრამის წონის ნაჭყებია გუნდში თავად მწვრთნელმა, ბრონისლავ სერვენკამ აირჩია. ნაჭყებია, რომელიც მეთერთმეტე ნომრიან მაისურს მოირგებს, ჩეხეთში სამშაბათს ჩავიდა.
ის მარცხენა ფლანგზე თამაშს ამჯობინებს, მაგრამ მარჯვნიდან ან სხვა პოზიციიდან შეტევაც შეუძლია. ის გუნდს მხოლოდ ზამთრის შეკრებაზე შეუერთდება. ლეტნაში ის შეხვდა გენერალურ დირექტორს, ზდენეკ გრიგერას, კლუბის სხვა წარმომადგენლებსა და მთავარ მწვრთნელ სერვენკას. ქართველი ფეხბურთელი საზღვარგარეთ პირველად ითამაშებს.
ნაჭყებია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 19 წლის ასაკში გადავიდა „ვიტ ჯორჯიაში“, სადაც გაატარა ოთხწელიწადნახევარი. 2023 წელს კი „სამტრედიაში“ გადავიდა. დასრულებულ სეზონში, 33 თამაშში რვა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზლინში, ზვიად!“, – წერს კლუბის ვებგვერდი.
კომენტარი ჩეხური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ბრონისლავ სერვენკამაც გააკეთა:
„მას კარგად ახასიათებენ მწვრთნელები და ოფიციალური პირები. რამდენიმე მატჩის ჩანაწერში ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. ის პატარა, ტექნიკური და დინამიური გუნდური მოთამაშეა, შეუძლია ერთი ერთზე კარგად თამაში, შეტევის დაგვირგვინება და საგოლე გადაცემის გაკეთება. ის შრომისმოყვარე და ძლიერი ხასიათის მოთამაშეა. ჩვენ სწორედ ასეთ თავდამსხმელს ვეძებდით“.