ზლატკო დალიჩი - ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი პატარა ერებისთვის, როგორებიც ხორვატია და საქართველო არიან, კარგი გზავნილი იყო
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტმა ხორვატთა ნაკრების თავკაცს, ზლატკო დალიჩს, პატარა ერების შესახებ შეკითხვა დაუსვა.
ზლატკო დალიჩის პასუხი ძალიან საინტერესო გამოდგა.
„ჩვენს ავტობუსზე ასეთი სლოგანია – „პატარა ქვეყანა დიდი ოცნებებით“. ეს თავისთავად უკვე კარგი გზავნილია. თუკი ბევრს იმუშავებ და გეყოლება კარგი მოთამაშეები, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს თავის ადგილზე, განსაკუთრებით ისეთი პატარა ერებისთვის, როგორებიც ხორვატია და საქართველო არიან. უმთავრესი ოცნებისა და ამბიციის ქონაა, ხოლო შემდეგ კი უნდა მიჰყვეთ ამ ოცნებებს და ერთ დღეს შესაძლოა, ყველაფერი აგიხდეს, როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაში. არასდროს უნდა დანებდე, მუდამ უნდა გჯეროდეს. როდესაც ჩემი გუნდი 4:1-ს აგებდა, მე თავს დამარცხებულად არ ვგრძნობდი. ეს ცხოვრებაა. მთლიანობაში ვთვლი, რომ ხორვატიამ ტურნირზე ძალიან კარგად ითამაშა. ყველას ვაჩვენეთ, რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს. მინდა, ეს შანსი გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ფეხბურთელს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. მე დღეს ჩემი მოთამაშეების, ჩემი გუნდისა და ჩემი ქვეყნის გამო ძალიან ამაყი ვარ“, – აღნიშნა ზლატკო დალიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა.