ზლატანმა მალმიოში საკუთარი ქანდაკება გახსნა
ზლატანმა მალმიოში საკუთარი ქანდაკება გახსნა

შვედეთის ქალაქ მალმიოში „ლოს-ანჯელს გელაქსის“ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი გაიხსნა.

ბრინჯაოს ქანდაკება თითქმის სამი მეტრი სიმაღლისაა და ის ჯერ კიდევ ორი წლის დაამზადეს. ახლა ძეგლი დგას იბრაჰიმოვიჩის მშობლიური გუნდის, „მალმიოს“ ძველ და ახალ სტადიონებს შორის.

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკების დადგმაზე გადაწყვეტილება შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს მიიღო. თავდაპირველი გეგმით, ძეგლი სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში „ფრენდს არენას“ სტადიონთან უნდა დაედგათ, მაგრამ ამ ადგილისთვის ქანდაკება მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და შარშან ზაფხულში, ფედერაციამ ბრინჯაოს ზლატანი საჩუქრად მალმიოს გადასცა.

ფეხბურთელი დედამიწის სფეროზე დგას და ხელები აქვს აწეული – ეს გამარჯვების აღმნიშვნელი ცნობილი ჟესტია. ქანდაკების წონაა 550 კილოგრამი, სიმაღლე – 2.7 მეტრი.

„როცა თქვენ ნიუ იორკში ჩადიხართ, ხედავთ თავისუფლების ქანდაკებას. როცა შვედეთში ჩახვალთ, ზლატანის ქანდაკებას დაინახავთ“, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანის „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ მოიპოვა MLS-ის პლეიოფში თამაშის უფლება. რეგულარულ ჩემპიონატში შვედმა 30 გოლი გაიტანა. უფრო მეტი მხოლოდ კარლოს ველას ჰქონდა (34).