ზლატან იბრაჰიმოვიჩი - პრემიერ-ლიგის დონე ოდნავ გადაჭარბებულია
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - პრემიერ-ლიგის დონე ოდნავ გადაჭარბებულია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ ინგლისის ჩემპიონატის დონეს ბევრი გადაჭარბებულად აფასებს, თუმცა ტემპი იქ მაღალია და წარმატების მირწევაც – რთული.

შვედმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ღირსებას იცავს, თითქმის ორი წელი გაატარა მანჩესტერ იუნაიტედში (2016-2018) და 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა, თუმცა მუხლის ტრავმამ მეტის მიღწევის საშუალება არ მისცა. მანამდე ის შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გამოდიოდა.

37 წლის იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ ბევრი ადამიანი ურჩევდა ინგლისზე უარის თქმას, მაგრამ ამან მას კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა.

„საკმაოდ ხანგრძლივი კარიერა მქონდა, სანამ ინგლისში ჩავიდოდი. სხვადასხვა ქვეყნებში და კლუბებში ვთამაშობდი. ხალხი მეუბნებოდა, რომ ინგლისში არ წავსულიყავი, რადგან თუ იქ ვერაფერს მივაღწევდი, სახელი გამიფუჭდებოდა. ჰოდა, ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ისინი ცდებოდნენ. ინგლისის ჩემპიონატი დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ მისი დონე ცოტა გადაჭარბებულია. ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ, თორემ ტემპი და რითმი ძალიან მაღალია. უძლიერესიც რომ იყო, თუ ამ რითმსა და ტემპს ვერ აყევი, არაფერი გამოგივა“, – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.