ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ორივე მატჩს ვითამაშებ, თუ მწვრთნელს სურს #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ორივე მატჩს ვითამაშებ, თუ მწვრთნელს სურს #1TVSPORT

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმების შემდეგ შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა და ამბობს, რომ თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელს, იანე ანდერსონს მოუნდება, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ორივე მატჩში ითამაშებს – საქართველოსთან და ესპანეთთან.

„ნაკრებში იმიტომ ვარ, რომ თამაში შემიძლია“, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი და მზადაა ითამაშოს, როგორც ხუთშაბათს საქართველოს წინააღმდეგ ბათუმში, ასევე კვირას სევილიაში ესპანეთთან.

„თუ მწვრთნელს სურს, რომ ორივე მატჩი ვითამაშო, მზად ვარ, ორივეჯერ მოედანზე გავიდე. თუ იან ანდერსონს სურს, რომ მხოლოდ ერთი ჩავატარო, მე ამაზეც თანახმა ვიქნები. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ჩანაფიქრი აქვს მწვრთნელს“, – ეს იბრაჰიმოვიჩმა SVT Sport-თან განაცხადა.

„მილანის“ ვარსკვლავი ასევე ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების წინა შეკრების გამოტოვება მტკივნეული იყო, დაბრუნებამ კი ძალიან გაახარა: 

„ბოლოს და ბოლოს კარგად ვარ. მე ბევრი ვიშრომე, ნაკრებში რომ დავბრუნებულიყავი. იმედი მაქვს, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით რთული იყო ევროპის ჩემპიონატის სახლიდან ყურება, სადაც ვერ წავედი. ევროპის ჩემპიონატზე თამაში კი ძალიან მინდოდა, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს“.

ზლატანის თქმით, ახლა ის სასურველ ფორმასთან ახლოსაა: 

„ვგრძნობ, რომ იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მოედანს დავუბრუნდი, სულ უფრო და უფრო უკეთესად ვარ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივიღო“.