ზივზივაზემ კონფერენს ლიგაზე ისევ გაიტანა, კვირკველია ფორმაში შედის #1TVSPORT
ზივზივაზემ კონფერენს ლიგაზე ისევ გაიტანა, კვირკველია ფორმაში შედის #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი „ფეჰერვარი“ მოლდოვას „პეტროკუბს“ შეხვდა და უშანსოდ დაამარცხა – 5:0.

ზივზივაძე უნგრელთა სათადარიგოებში იყო, მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და  20 წუთი ეყო, გოლი რომ გაეტანა. ქართველი თავდამსხმელის გადაცემით კარის წინ ივან პეტრიაკი დარჩა და მოცელეს, პენალტი კი ბუდუმ შეასრულა – მეკარემ დარტყმის კუთხეც გამოიცნო და ბურთსაც შესწვდა, მაგრამ გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.

კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, გიორგი ხარაიშვილი ირიცხება ევროთასებზე მოთამაშე უნგრულ კლუბში, „ფერენცვაროშში“ – ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონს, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ ბაქოში დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. გუგეშაშვილი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა.

ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ შარშან ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმამ დიდი დრო წაართვა და ჯერ გუნდის განაცხადში არაა, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მოირჩინა და ფორმაში შესვლას დუბლშემადგენლობაში თამაშით ცდილობს.

კონფერენს ლიგაზე შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“ – აზერბაიჯანულმა კლუბმა ავსტრიის წარმომადგენელს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში შედის.