ზივზივაძის საუკეთესო მატჩი უნგრეთში - გოლი, ორი ასისტი და წამოწყებული საგოლე შეტევა [ვიდეო]

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის საგაზაფხულო ჩემპიონატი კარგი და შედეგიანი თამაშით გახსნა, ხოლო მისმა გუნდმა „ფეჰერვარმა“ გასვლაზე გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ბერიძე მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა. ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ამ დროში ძალიან ბევრი რამ გააკეთა – მან უნგრეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მე-7 წუთზე ბუდუმ მეკარესთან პირისპირ ნიგერიელი თავდამსხმელი ფუმშო ბამგოი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მე-20 წუთზე ზივზივაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ისევ ბამგოიმ გაიტანა.

54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ თანაგუნდელმა უკვე თავად ქართველი თავდამსხმელი დატოვა და „უიპეშტს“ მესამე გოლი გაუტანა. მაგრამ ზივზივაძე ამას არ დასჯერდა და 61-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მოჭრილი გადაცემით სამი მცველი უსაქმოდ დატოვა, მეკარესთან პირისპირ კი ივან პეტრიაკი დარჩა, რომელიც მეოთხე გოლის ავტორი გახდა.

16 ტურის შემდეგ „ფეჰერვარმა“ 29 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ 10 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩი მარაგში აქვს.

დატოვე კომენტარი