ზივზივაძის კომენტარი გატანილი გოლის შემდეგ - სამწუხაროა, რომ მოსაგები მატჩი ფრედ დავასრულეთ
ზივზივაძის კომენტარი გატანილი გოლის შემდეგ - სამწუხაროა, რომ მოსაგები მატჩი ფრედ დავასრულეთ

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. 24-ე ტურში ქართველის გუნდმა „ფეჰერვარმა“ „პაკში“ მიიღო და ფრეს დასჯერდა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში მისმა თანაგუნდელმა ივან პეტრიაკმა გახსნა, 64-ე წუთზე კი გუნდის უპირატესობა ზივზივაძემ გაზარდა და „ფეჰერვარი“ ანგარიშით 2:0 დააწინაურა. 77-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი შეცვალეს.

ამის შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა. 2:0 საკმარისი უპირატესობა იყო, რომ ქართველის გუნდს შეხვედრა მოეგო, მაგრამ 78-ე წუთზე „პაკშის“ თავდამსხმელმა ზოლტ ჰარასტმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ზივზივაძემ 22 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მან განვლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ უპირატესობის გამო, 2:0-ზე კონცენტრაცია დავკარგეთ. ამით ბოლო წუთებზე სტუმრებმა ისარგებლეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თამაშის სურათიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოგვეგო. ასეც ხდება და სხვა გზა არაა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან კვირას ისევ მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ხოლო ერთ კვირაში უნგრეთის თასზე ვითამაშებთ,“ – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.