ზივზივაძის „კარლსრუეს“ წაუგებელი სერია ბრაუნშვაიგის „აინტრახტმა“ შეწყვიტა #1TVSPORT
ზივზივაძის „კარლსრუეს“ წაუგებელი სერია ბრაუნშვაიგის „აინტრახტმა“ შეწყვიტა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბრაუნშვაიგის „აინტრახტთან“ 0:2 დამარცხდა და წაუგებელი სერია შეწყვიტა.

გერმანიის რანგით მეორე ლიგაში 21-ე ტურის მატჩი ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერთან სტუმრად გამართა, ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა.

„კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში ბოლო რვა მატჩიდან ოთხი მოიგო და ოთხი ფრედ დაასრულა. გუნდი ბოლოს „პადერბორნთან“ (0:3) ნოემბრის დასაწყისში დამარცხდა, ამჯერად კი მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

„აინტრახტმა“ პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა და 1:0 მოიგო. ზივზივაძეს პირველივე წუთზე ჰქონდა შანსი, მაგრამ მცველი გადაეფარა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ბრაუნშვაიგელთა თურქმა მცველმა, ჰასან კურუჩაიმ გამოიყენა. 75-ე წუთზე „კარლსრუემ“ მეორე გოლიც გაუშვა. მასპინძლების შეტევა ისევ მცველმა, ამჯერად ბოსნიელმა ერმინ ბიჩაკჩიჩმა დაასრულა.

მეორე ბუნდესლიგაში გამართული 21 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 28 ქულით მეათე ადგილზეა.