ზივზივაძეს ისევ „უიპეშტი“ იწვევს - ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია #1TVSPORT
ზივზივაძეს ისევ „უიპეშტი“ იწვევს - ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს ისევ „უიპეშტი“ იწვევს და ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Transfer News-ი ავრცელებს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ შობის დღესასწაულზე „უიპეშტის“ გულშემატკივრებმა სასიამოვნო სიურპრიზით გაიხარონ. „მეწამულ-თეთრ“ კლუბსა და „ფეჰერვარს“ შორის ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. 28 წლის თავდამსხმელი „უიპეშტში“ ერთი წლის წინ იჯარით გადავიდა, სადაც უაღრესად წარმატებული პერიოდი გაატარა“, – წერია Transfer News-ის გავრცელებულ ცნობაში.

გამოცემის მტკიცებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„ჯერჯერობით უცნობია, იქნება ეს იჯარა თუ სრულფასოვანი ხელმოწერა, ზივზივაძეს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, ამიტომ „ტრანსფერმარკეტის“ მიერ 800 000 ევროდ შეფასებული ფეხბურთელი კონტრაქტის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებას მხოლოდ ზაფხულში შეძლებს“.

ზივზივაძე „უიპეშტში“ 2022 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა, 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირი და გულშემატკივართა ფავორიტი გახდა.

ზაფხულში ზივზივაძე ისევ „ფეჰერვარში“ დაბრუნდა, სადაც ყველაფერი კარგად დაიწყო, საწყის 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდის გულშემატკივრებთან უსიამოვნების გამო „ფეჰერვარის“ სარეზერვო გუნდში დააქვეითეს და მანაც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.