ზივზივაძეს ისევ გააქვს - გოლები, აღებული პენალტი და გაძევება (ვიდეო)
ევროპაში გადატვირთულ საფეხბურთო უქმეებზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა თავის გამოჩენა მოახერხა.
ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისი არ ეძახის, არადა, დღეისათვის ყველაზე შედეგიანი ქართველი თავდამსხმელია. ქართველმა უნგრეთის ჩემპიონატში ამჯერად „ზალაეგერსერგთან“ გასვლით შეხვედრაში გაიტანა და გუნდი მე-40 წუთზე დააწინაურა. მაგრამ მისმა გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. ზივზივაძემ ბოლო სამ ტურში სამი გოლი გაიტანა და წინა ორი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სულ მან 11 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა.
ფორმაში შედის ნიკა კაჭარავაც. კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლარნაკაში „ნია სალამინასს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 2:2. ფამაგუსტელთა შორის შეუცვლელად ითამაშეს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ და კაჭარავამ, რომელმაც მე-4 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ „ანორთოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილი დაუბრუნდა და ისევ როგორც ბუბა დაუშვილმა, შეცვლაზე ითამაშა. ნიქოზიას „ომონიასთან“ ერთად, გათამაშებას ქეცბაიას გუნდი 18 ქულით ლიდერობს, თუმცა, კონკურენტზე ერთით ნაკლები თამაში ჩაატარა.
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში „რიუ ავემ“ შინ მიიღო „ვიტორია სეტუბალი“, რომლის შემადგენლობაში გიორგი მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარემ მე-60 წუთზე ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპო აუგუსტოს პენალტი აუღო, თუმცა სტუმრებს ამან ვერ შველა და ისინი 1:0 დამარცხნენ. „ვიტორია სეტუბალი“ 12 ქულით მე-12 ადგილზეა.
ეს უქმეები ყველაზე უსიამოვნოდ ლევან შენგელიასთავის დასრულდა. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „კონიასპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელიც გასვლაზე „სივასპორთან“ 2:0 დამარცხდა. ლევან შენგელია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. ქართველმა თავდამსხმელმა ბარათები სამწუთიან მონაკვეთში, 75-ე და 78-ე წუთებზე მიიღო. „კონიასპორის“თურქეთის სუპერლიგაში 13 ქულით მე-11 ადგილზეა.
დატოვე კომენტარი