ზივზივაძემ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა - „კარლსრუემ“ „პადერბორნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ზივზივაძემ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა - „კარლსრუემ“ „პადერბორნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და „კარლსრუეს“ გათამაშების ლიდერ „პადერბორნის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქართველი თავდამსხმელის გუნდმა სტუმრად ჩაატარა და ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ზივზივაძეს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ბურთი კარის წინ უკეთეს პოზიციაზე მყოფ სებასტიან იუნგს დაუგორა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა.

35-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავადაც გაიტანა. „კარლსრუეს“ მეკარემ სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება სცადა, მასპინძელთა მეკარემ ბურთის მიღებისას შეცდომა დაუშვა, რითიც ზივზივაძემ კარგად ისარგებლა, მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

თუმცა, მასპინძლებმა შესვენებამდე (45) რაფაელ ობერმაირის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით სხვაობა შეამცირეს და თამაშის გადარჩენის იმედი შეინარჩუნეს. მე-80 წუთზე ბუდუმ მეკარესთან პირისპირ ფაბიან შლოისენერი გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა ამ შანსით ვერ ისარგებლა.

17 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 29 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა, ყოფილი ლიდერი „პადერბორნი“ (28) კი მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს – „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.