ზივზივაძემ შესაძლოა, „ფეჰერვარი“ უახლოეს დღეებში დატოვოს - კლუბმა წარუმატებლობა ქართველ ლეგიონერს დააბრალა #1TVSPORT
ზივზივაძემ შესაძლოა, „ფეჰერვარი“ უახლოეს დღეებში დატოვოს - კლუბმა წარუმატებლობა ქართველ ლეგიონერს დააბრალა #1TVSPORT

შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვარი“ უახლოეს დღეებში დატოვოს, – ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰასმა განაცხადა.

„ფეჰერვარის“ ხელმძღვანელები საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე შეხვდნენ გულშემატკივრებს, რომლებმაც კითხვები სატრანსფერო პოლიტიკის, წარუმატებლობის მიზეზებისა და ცალკეული ფეხბურთელების შესახებ დასვეს.

„ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა კი უნგრეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე წარუმატებლობისთვის (მე-8 ადგილზე დაასრულეს) ხელი რამდენიმე მოთამაშეს შეაწმინდა, მათ შორის – ქართველ ლეგიონერს, ბუდუ ზივზივაძეს.

„ზივზივაძემ უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა. მან კლუბი უნდა დატოვოს, მომავალში მას არ ველით, შესაძლოა, გუნდი უახლოეს დღეებშიც დატოვოს. ჩვენ კადრების შეცვლა გვინდა. როცა „ფეჰერვარში“ მოვედი, ბევრი ხალხი წავიდა. ამის მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ დერეფანში იმავე უსიცოცხლო მზერას ვაწყდებოდი“, – ამბობს „ფეჰერვარის“ სპორტული დირექტორი.

„ფეჰერვარი“ უნგრეთის ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს კვირას, 29 იანვარს განაახლებს და მე-17 ტურში გასვლაზე „კეჩკემეტს“ ესტუმრება. მაგრამ გუნდთან ერთად ბუდუ ზივზივაძე არ იქნება.

ქართველი ლეგიონერი მის ყოფილ კლუბ „უიპეშტთან“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მთავარიდან სარეზერვო გუნდში დააქვეითეს. ბუდუ ზივზივაძის დამატებით ბეერ-შევას „ჰაპოელი“ და ლუბინის „ზაგლებიე“, ასევე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუე“ არიან დაინტერესებულები.