ზივზივაძემ „კიოლნთან“ მატჩზე ისაუბრა - გასახდელში საგიჟეთი იყო, ვცეკვავდით, ვყვიროდით, მაგრამ გამარჯვებული ჯერ გასარკვევია #1TVSPORT
ზივზივაძემ „კიოლნთან“ მატჩზე ისაუბრა - გასახდელში საგიჟეთი იყო, ვცეკვავდით, ვყვიროდით, მაგრამ გამარჯვებული ჯერ გასარკვევია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების და უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც კონფერენს ლიგის პლეი ოფში გერმანულ „კიოლნთან“ ანგარიშზე გოლი და პასიც ჩაიწერა, უნგრულმა გამოცემა „ნემზეტი სპორტმა“ ვრცელ ინტერვიუ ჩამოართვა.

მისმა გუნდმა კიოლნში 2:1 გაიმარჯვა.

„სტადიონზე მაგარი ატმოსფერო იყო. ამან კი არ შემაშინა, არამედ სიხარულით მავსებდა. ბავშვობაში ფეხბურთელობა ასეთი მატჩების გამო მინდოდა, 44 ათასი ადამიანის წინაშე თამაში და გოლის გატანა წარმოუდგენელი განცდა იყო. ხუთშაბათის შეხვედრა სამუდამოდ დამამახსოვრდება. სასტვენის შემდეგ გასახდელში საგიჟეთი იყო, ვცეკვავდით, ვყვიროდით, მაგრამ გამარჯვებული ჯერ გარკვეული არაა.

თამაშს ტაქტიკურად მომზადებულები შევხვდით, ყველა ერთმანეთისთვის იბრძოდა. შედეგზე გავლენა გერმანელთა მცველის გაძევებამაც მოახდინა, შანსი მოგვეცა და ამით ვისარგებლეთ. მესამეს გატანაც გვინდოდა, მაგრამ მთავარი ამოცანა უპირატესობის შენარჩუნება იყო, რადგან ჩვენი შეცდომით კაცნაკლული „კიოლნიც“ დაუნდობლად ისარგებლებდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგ ფორმაში და ფიზიკურ კონდიციებშიც ვარ. ბოლო დროს ხშირად გამაქვს, შემიძლია გუნდს დავეხმარო და ეს ჩემს თავდაჯერებულობაზე კარგად მოქმედებს. ცხადია, „კიოლნი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც თამაშობს ფეხბურთს ისეთი ტემპით, როგორიც აქამდე ჩემს კარიერაში იშვიათად მინახავს. ვფიქრობ, ხედავდით, რომ ბევრმა სირბილმა დიდი ძალა წამართვა. მაგრამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე.

განმეორებით მატჩში კიდევ უფრო დაუნდობელი ბრძოლა იქნება თერთმეტკაციან „კიოლნთან“, რომელიც ცუდ ვითარებაშია და მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს. მჯერა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი კარგ ფორმაშია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ამ მატჩამდე ჩვენ დავისვენებთ, „კიოლნი“ კი ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ითამაშებს და ბუნდესლიგის მატჩი მათ ნამდვილად ბევრ ენერგიას წაართმევს. თუ მოედანზე ისევე ორგანიზებულად და თავდაუზოგავად ვითამაშებთ და ტაქტიკურ დავალებებს დავიცავთ, როგორც კიოლნში, შეიძლება, ჯგუფში გასვლის შანსი რეალობად ვაქციოთ“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.