ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ითამაშა - ქართველის გუნდმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ითამაშა - ქართველის გუნდმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ობერლიგის გუნდ „მუჩელბახერთან“ და 3:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ზივზივაძე „კარლსრუეში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩაირიცხა და ახალ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, თუმცა ბოლო წუთზე ზივზივაძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, ბუდუმ კარგი სოლორეიდი განახორციელა, მაგრამ ეფექტური დრიბლინგი გოლით ვერ დააგვირგვინა – მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ზივზივაძის გუნდმა ობერლიგელი მეტოქის წინააღმდეგობა ბოლოს მაინც დაძლია, ანგარიში 76-ე წუთზე გალერმა გახსნა, ხოლო მე-80 და 85-ე წუთებზე რაპმა დუბლი შეასრულა და „კარლსრუემ“ 3:0 მოიგო.

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ეიხნერმა ამ თამაშში თავის გამოჩენის შესაძლებლობა  ახალწვეულებსა და იმ ფეხბურთელებს მისცა, ვინც ბუნდესლიგაში შედარებით ნაკლებად თამაშობს.

შეგახსენებთ, მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კარლსრუემ“ „ფიურტთან“ 2:1 მოიგო, 22 ქულა დააგროვა და 20 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ასწრებს.