ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველმა მეზოკოვეშდს ლიდერობა შეუნარჩუნა [ვიდეო]
ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველმა მეზოკოვეშდს ლიდერობა შეუნარჩუნა [ვიდეო]

ბუდუ ზივზივაძე ბოლო დროს შეუჩერებელია – 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მორიგი გოლი ლიდერთა დაპირისპირებაში გაიტანა და „მეზოკოვეშდს“ მეორე ადგილი შეუნარჩუნა.

ქართველის გუნდი უნგრეთის ჩემპიონს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე „ფერენცვაროშს“ ესტუმრა, სადაც ლაშა დვალი ირიცხება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში არ იყო. პირველი ტაიმის შემდეგ „მეზოკოვეშდი“ ანგარიშით 0:1-ს აგებდა. გადამწყვეტი როლი ქართველმა თავდმსხმელმა შეასრულა, რომელიც „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ზივზივაძეს თავის გამოჩენა პირველივე ტაიმში შეეძლო: თანაგუნდელთან გათამაშებული შეტევის შემდეგ კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მცველმა ხელი შეუშალა და ზუსტად ვერ დაარტყა. შესვენების შემდეგ ქართველმა მაინც გაიტანა: 49-ე წუთზე, თანაგუნდელის ფლანგური გადაცემის შემდეგ, ბუდუმ მცველს დაასწრო, თავით ეფექტურად გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.


ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, სულ კი ცხრა მატჩში მის ანგარიშზე ხუთი გოლია. „მეზოკოვეშდმა“ 23 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.