ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ „ლუცერნი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს „ლუცერნთან“ ამხანაგური მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:1.
„კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საგაზაფხულო სეზონისთვის ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელაში ემზადება, სადაც პირველი ამხანაგური მატჩი შვეიცარიის სუპერლიგის კლუბთან ჩაატარა.
ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შვეიცარიელებს გოლი ძალიან სწრაფად (მე-8 წუთზე) გაუტანა და გერმანული გუნდი დააწინაურა. „ლუცერნის“ მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ზივზივაძემ მისი შეცდომით ისარგებლა.
ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. შესვენების შემდეგ, 66-ე წუთზე „ლუცერნმა“ ქემალ ადემის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „კარლსრუემ“ ლუის დეტლინგის (84) და ფაბიან შლოისენერის (90) გოლებით მაინც გაიმარჯვა.