ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გოლში მონაწილეობა მიიღო - „კარლსრუემ“ „ჰანოვერთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გოლში მონაწილეობა მიიღო - „კარლსრუემ“ „ჰანოვერთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT

დიდი ხნის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „ჰანოვერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელში გამარჯვებაც ქართველის გუნდმა ხელიდან უკანასკნელ წამებზე გაუშვა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „კარლსრუე“ „ჰანოვერს“ ესტუმრა და თამაში წარმატებით დაიწყო. გოლი ისევ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის აქტიურობას მოჰყვა. ბუდუმ ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ბურთს მიმართულება შეუცვალა, მარსელ ჰალსტენბერგმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ზივზივაძეს მომენტი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, მაგრამ დარტყმას მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა. 53-ე წუთზე „კარლსრუემ“ მეორე გოლი მაინც გაიტანა, იგორ მატანოვიჩმა მასპინძლების შეტევა ჩაშალა და მეკარესთან პირისპირ ლარს შტინდლი გაიყვანა, რომელმაც სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

61-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, ბურთი კარს ააცილა. 64-ე წუთზე ბუდუმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირდა.

„ჰანოვერმა“ 73-ე წუთზე ანდრეას ვოგლსამერის გოლით ანგარიში შეამცირა. 76-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი შეცვალეს და „კარლსრუე“ შეტევებს ვეღარ ახორციელებდა. 90+1-ე წუთზე კი სეი მუროიამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კარლსრუემ“ 18 ქულა დააგროვა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული მე-16 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.