ზივზივაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა - „ჰაიდენჰაიმმა“ აუტსაიდერი „ბოხუმი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე ტრავმის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ დაუბრუნდა, რომელმაც შინ აუტსაიდერ „ბოხუმს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში დაშავდა, მას კოჭის ტრავმა ჰქონდა და ერთი თვე მკურნალობდა. ზივზივაძე „ბოხუმთან“ შეხვედრის სამატჩო განაცხადში იყო და მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.
ქართველმა თავდამსხმელმა რეალურად 24 წუთი ითამაშა, რადგან მსაჯმა თამაშს 14 წუთი დაამატა („ჰაიდენჰაიმის“ მეკარემ მძიმე ტრავმა მიიღო და მატჩი შეწყვეტილი იყო). ბუდუ აქტიურობდა, ეფექტური მოძრაობით გამოიჩინა თავი, მისი გადაცემით თანაგუნდელს გატანა შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული 32 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით მე-16 ადგილზე, პლეი აუტის ზონაში დარჩა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.