ზივზივაძე საქართველოს ნაკრებს დუბლით და საგოლე გადაცემით უერთდება - „კარლსრუემ“ „მაგდებურგი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზივზივაძე საქართველოს ნაკრებს დუბლით და საგოლე გადაცემით უერთდება - „კარლსრუემ“ „მაგდებურგი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამორჩეული თამაში ჩაატარა და „კარლსრუეს“ „მაგდებურგის“ დიდი ანგარიშით დამარცხებაში დაეხმარა – 7:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 26-ე ტურის საშინაო შეხვედრაში „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 65 წუთი ითამაშა. მან პირველივე ტაიმში დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მე-8 წუთზე ანგარიში ფრანკემ გახსნა, მერე კი ბუდუმ გაიბრწყინა. ზივზივაძემ მე-13 წუთზე მასპინძლების უპირატესობა გაზარდა, 25-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო მე-40 წუთზე მისი გადაცემით თავი პოლ ნებელიმ გამოიჩინა. „კარლსრუე“ შესვენებამდე სოლიდური სხვაობით გავიდა წინ – 4:0.

მეორე ნახევარში ქართველის გუნდმა „მაგდებურგის“ კარი კიდევ სამჯერ აიღო. გოლები მარსელ ბაიფუსმა (50), იგორ მატანოვიჩმა (51) და მარვინ ვანიცეკმა (90+1) გაიტანეს.

„კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-7 ადგილზე გადავიდა და სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

ბუდუ ზივზივაძეს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში „ჯვაროსნების“ თავდამსხმელს 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.