ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს - ბუდუს მენეჯერი მოლაპარაკებას ადასტურებს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უპირველესად, ბედობას გილოცავთ, მეგობრებო. იყო ჩინური, ასევე კორეული გამოწვევები. დავდექით დილემის წინაშე – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა. მადლობა „კარლსრუეს“, მენეჯერებს, მწვრთნელებს, გია ცეცაძეს, თემურ ლორთქიფანიძეს, მამუკა ხუნდაძეს ბუდუს გამოწვრთნისა და სიყვარულისთვის. მადლობა, საქართველო, ჩვენ თქვენთან ვართ. წინ დიდი ბრძოლებია“, – წერს კახა ზივზივაძე.
შევიტყვეთ, რომ ლაპარაკია „ჰაიდენჰაიმზე“, რომელიც ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ „ჰაინდემჰაიმის“ წარმომადგენლები ესპანეთში „კარლსრუეს“ შეკრებაზე ჩავლენ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
კომენტარისთვის ზივზივაძის მენეჯერს, ლაშა ოდილაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ორიოდე დღის წინ საქართველოს პირველ არხთან ბუდუს ბუნდესლიგაში გადასვლის შესაძლებლობაზე პირველად ისაუბრა.
„ბუნდესლიგის გუნდიდან ინტერესი რომ იყო, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრეც გითხარით. ჯერ კონკრეტულად ვერაფერს დავადასტურებ ან უარვყოფ. 3 იანვარს გერმანიაში ვიქნები და ყველაფერი ადგილზე გაირკვევა. დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ბევრი რამ უკვე გარკვეულია. ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.