ზივზივაძე გუნდის დირექტორმა გამოარჩია - ის „მეზოკოვეშდში“ თავს კარგად გრძნობს
ზივზივაძე გუნდის დირექტორმა გამოარჩია - ის „მეზოკოვეშდში“ თავს კარგად გრძნობს

„ჩვენ ქართველი ლეგიონერის, ბუდუ ზივზივაძის იმედი გვაქვს“, – ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე „მეზოკოვეშდის“ გენერალურმა დირექტორმა ლასლო ტოტიმ განაცხადა.

გამოცემა Csakfoci-სთან ინტერვიუში ლასლო ტოტიმ აღნიშნა, რომ ზივზივაძე გუნდს იოლად შეუეგუა: „მიმდინარე სეზონში „მეზოკოვეშდი“ ძალიან კარგად დაკომპლექტდა. მინდა ზივზივაძე გამოვარჩიო, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოვიდა. თუმცა, ვგრძნობთ, რომ სიტუაციას იოლად შეეგუა და გუნდელებთან შეთამაშდა. ჩვენი თავდამსხმელი „მეზოკოვეშდში“ თავს კარგად გრძნობს“.

გუნდის დირექტორი გახარებულია მოთამაშეთა მდგომარეობით, რომლებმაც ვარჯიშები 21 აპრილიდან განაახლეს – „ეს განსაკუთრებული ვითარებაა ყველა გუნდისთვის, რადგან მწვრთნელები და მოთამაშეები წინა წლებთან და ათწლეულებთან შედარებით უჩვეულოდ მუშაობენ. თავიდან ერთად მხოლოდ ოთხი-ხუთი მოთამაშე ვარჯიშობდა, თუმცა ასე დაწყებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

ოცდახუთი ტურის შემდეგ, „მეზოკოვეშდი“ ლიგაში მესამე ადგილზეა და ევროსარბიელზე თამაშის შანსი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაუჩნდა. ლასლო ტოტიმ ამის შესახებაც ილაპარაკა – „დარწმუნებული ვარ, ევროპის ლიგაზე მოვხვდებით. სამართლიანი არ იქნება, თუ უეფას დაუმთავრებელი სეზონის შემდეგ ქვეყნებიდან გუნდებს ევროპულ შეჯიბრებებზე უეფას ძველი რეიტინგის მიხედვით შეარჩევს და არა ბოლო სეზონის შედეგებით. საერთოდ, ეს შემოთავაზება უსამართლოა, რადგან უნგრეთის ლიგა თუ არ დასრულდება, მატჩების 75 პროცენტი უკვე ვითამაშეთ და ცხრილი ძალთა ბალანსს კარგად ასახავს. თუმცა, რადგან უნგრეთის გუნდებმა ვარჯიშები განვაახლეთ, ჩემპიონატის დასრულებასაც ვიმედოვნებთ“.