ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ორმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, Kicker-მა და Liga 2-online-მა მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ამავე დროს, ორივე გამოცემამ 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის ზივზივაძე მეორე ადგილზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „მაგდებურგთან“ (7:0) ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

liga 2-online-მა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად „ჰამბურგის“ შემტევი, ლასლო ბენეში დაასახელა, რომელმაც „ვაისბადენთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. Kicker-ის რჩეული კი „ჰერტას“ მოთამაშე ჰარის ტაბაკოვიჩი გახდა, რომელმაც „შალკესთან“ (5:2) ორი გოლი მიითვალა.

„მარსელ ფრანკე და ბუდუ ზივზივაძე „კიკერმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის პირველი აღიარებაა, ხოლო ცენტრალური მცველი ფრანკე რჩეულთა შორის მეორედ მოხვდა. გილოცავთ, ბიჭებო, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ“, – წერს „კარლსრუეს“ პრესსამსახური.

ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად ლუქსემბურგთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 21 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.