ზივზივაძე გერმანიაში რჩება - ბუდუ ბუნდესლიგის გუნდთან მატჩში გამოარჩიეს #1TVSPORT
ზივზივაძე გერმანიაში რჩება - ბუდუ ბუნდესლიგის გუნდთან მატჩში გამოარჩიეს #1TVSPORT

„სამხრეთ კორეაში, „ჩონბუკში“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეორე ბუდნესლიგის „კარლსრუეში“ მომზადებაზე გადაერთო – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან მისმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონისთვის მზადება ბუნდესლიგაში დაწინაურებულ „დარმშტადტთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელიც „გრენკე შტედიუმზე“ გამართა და ფრედ ითამაშა – 0:0.

„ლივერპულთან“ ბოლო ამხანაგური მატჩის (2:4) შემდეგ „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ეიხნერმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა – შეტევაში ბუდუ ზივზივაძე დააყენა, რომელმაც ინგლისურ გრანდთან მხოლოდ 74-ე წუთიდან ითამაშა.

„კარლსრუეს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგის პირველ შეხვედრაშიც იგივე შემადგენლობა ითამაშებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული  ყურადღება მიიქცია ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც სწრაფად და ენთუზიაზმით მოქმედებდა. მას თავის გამოჩენა 57-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მეკარემ „დარმშტადტი“ გადაარჩინა.

„კარლსრუე“ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას მომავალ შაბათს, 29 ივლისს „ოსნაბრიუკთან“ გასვლაზე გამართავს.