ზივზივაძე ახალ გუნდში შეუჩერებელია - ბუდუმ დუბლი შეასრულა და გოლი უკრაინას მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეზე ახალ გუნდში გადასვლამ ძალიან კარგად იმოქმედა – პირველ შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ, 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტს“ მეორე შეხვედრაც მოაგებინა და წარმატებული დღე ღირსეული ჟესტით აღნიშნა.

უნგრეთის საფეხბურთო ლიგის 22-ე ტურში „უიპეშტმაზივზივაძის ყოფილ კლუბს, „მეზოკოვეშდს“ უმასპინძლა – ორივე ქართველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო – ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ბერიძე მე-80 წუთზე შეცვალეს.

პირველ ტაიმში, რომელსაც უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როსი ესწრებოდა, „უიპეშტი“ 35-ე წუთზე ლამაზი შეტევის შემდეგ 36-ე წუთზე დაწინაურდა. შეტევა ბერიძემ წამოიწყო და მარჯვენა ფლანგზე მარკო პაულევიჩი მონახა, რომელმაც კარის წინ ჩააწოდა და ბუდუ ზივზივაძემ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი (ისევე როგორც ბერიძე) უკრაინის ეროვნული დროშის ფერებიანი სამკლავურით თამაშობდა და გოლის დროს ამ ქვეყნის თანადგომა გამოხატა.

მეზოკევეშდმა“ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტით გაათანაბრა. მაგრამ შესვენების „უიპეშტმა“ დიდი ძალებით შეუტია. 48-ე წუთზე ბერიძის დარტყმული მეკარემ აიღო, მაგრამ 53-ე წუთზე ზივზივაძემ მასპინძლები ისევ დააწინაურა და დუბლი შეასრულა. ზივზივაძის მეორე გოლი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, რადგან შორეულ კუთხეში ბურთი ლამაზად მოჭრა.

დიდი შანსი იყო, რომ ბერიძესაც გაეტანა, მაგრამ 66-ე წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი მეკარემ მოიგერია. 85-ე წუთზე კი მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს და 3:1 გაიმარჯვეს. „უიპეშტმა“ ბოლო 2 შეხვედრა მოიგო, 24 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში უკვე მე-10 ადგილზე დაწინაურდა.

ამაში დიდია ზივზივაძის როლი, რომელმაც ახალ გუნდში ჩატარებულ ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა – უფრო მეტი, ვიდრე „ფეჰერვარში“ (საიდანაც „უიპეშტში“ იჯარით გაუშვეს) ჩატარებულ 12 მატჩში (2 გოლი).