„ზირას“ მწვრთნელი – „ტორპედო“ ძლიერი მეტოქეა, ჩვენ მოსამზადებლად დრო არ გვქონდა #1TVSPORT
„ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა, რაშად სადიკოვმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა. მატჩი დღეს აზერბაიჯანში გაიმართება.
„მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი გვაქვს. გვინდა, რომ მისაღები შედეგი დავაფიქსიროთ და უპირატესობა მოვიპოვოთ. გამოცდილ მეტოქეს ვუპირისპირდებით, რომელმაც იცის, როგორ გაიაროს ევროპული ტურნირების ეტაპები.
მოსამზადებლად და, მაგალითად, შეკრებისთვის ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ სასელექციო პროცესის დასრულებაც ვერ შევძელით. თუმცა მებრძოლი ხასიათის გუნდი გვყავს და გვინდა, თავდაჯერებულობა გამოვავლინოთ.
როგორი განწყობა აქვთ ჩვენს ქართველ ლეგიონერებს? ბუნებრივია, ისინიც ისევე იქნებიან მოტივირებულები, როგორც ყველა დანარჩენი, რადგან შეხვედრას მათი ოჯახების წევრებიც უყურებენ. მეტოქის შესახებ მათგან ინფორმაციის მიღება არ დაგვჭირვებია, რადგან „ტორპედოს“ თამაშები თავად ვნახეთ. ჩვენი მხრიდან არაეთიკური იქნებოდა მათთვის „ტორპედოს“ შესახებ კითხვების დასმა“, – ამბობს „ზირას“ მწვრთნელი.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზირას“ შეხვედრა ბაქოში 20:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი 16 ივლისს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.