„ზირას“ მთავარი მწვრთნელი – ყველაზე მეტად „ტორპედოსთან“ არ მსურდა თამაში, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა #1TVSPORT
„სასიამოვნო არ იყო იმის ხილვა, რაც ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, დირკ შუსტერს გულშემატკივრებმა მოუწყვეს“, – ამის შესახებ „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა, რაშად სადიკოვმა კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მოწინააღმდეგემ მატჩის დასაწყისში სათამაშო სისტემა შეცვალა, რაც ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. გავაანალიზეთ მათი მრავალი მატჩი, მაგრამ ამ ტაქტიკით არასოდეს უთამაშიათ. თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქის შეჩერება მაინც მოახერხეს.
როდესაც პოტენციური მეტოქეების საბოლოო სია დადგინდა, ყველაზე მეტად ორ გუნდთან არ მსურდა თამაში და მათგან ერთ-ერთი სწორედ „ტორპედო“ იყო. ამ გუნდს გამოცდილი მწვრთნელი და კარგი შემადგენლობა ჰყავს, ასევე აქვს მდიდარი ისტორია, ტრადიციები და ევროპული გამოცდილება. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
ჩემს ქუთაისელ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. 2016 წელს შუსტერი გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იქ პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპიც მუშაობდნენ. სასიამოვნო ნამდვილად არ იყო იმის ხილვა, რაც შუსტერს გულშემატკივრებმა მოუწყვეს. ის მეორე გოლის შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. მომავალში მას წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა სადიკოვმა.