ზინედინ ზიდანი - წელს ერთი ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ
ზინედინ ზიდანი - წელს ერთი ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ

ზინედინ ზიდანმა ესპანეთში საფეხბურთო სეზონის შესაძლო განახლების თაობაზე კომენტარი გააკეთა. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს და ახლა მთავარია ფეხბურთელებმა პოზიტიურად შეხედონ მომავალს.

„ამ კვირამ უკეთ ჩაიარა, რადგან პატარ-პატარა ჯგუფებად შევძელით მუშაობა. ახლა შეგვიძლია ტაქტიკას, ფსიქოლოგიასა და ტექნიკას მივხედოთ. გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურება და მომავალ კვირას კიდევ უფრო უკეთ ვიქნებით“, – უთხრა ლეგენდარულმა ფრანგმა ესპანურ გამოცემა „მარკას“. – „11 მატჩია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ. მთავარია, ყველაფერი ვიღონოთ, რომ ერთი ტიტული მაინც მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე კი უფრო რთულ ვითარებაშია, რადგან პირველი მერვედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1-2 წააგო.