ზინედინ ზიდანი – მალე იხილავთ ჩემს სტილს, სხვაგვარად მუშაობას ვაპირებთ, რადგან დეშამი დეშამია, ზიდანი – ზიდანი #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„მინდა, მადლობა გადავიხადო ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა აღმასრულებელმა კომიტეტმა. დღევანდელი დღე ჩემთვის ოცნების ასრულებაა. ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში მქონდა წინადადებები კლუბებისგან, მაგრამ უარს ვამბობდი საფრანგეთის ნაკრების გამო. ეს იყო ერთადერთი, რისი კეთებაც მინდოდა. ვაპირებ, ყველაფერი გავიღო, რათა ამ გუნდმა გააგრძელოს მოგება. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს“.
ზიდანმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, როგორ სტილში ითამაშებს საფრანგეთის ნაკრები მისი ხელმძღვანელობით:
„მალე იხილავთ ჩემს სტილს.
მე აღმაფრენას მაძლევს თამაში. „ათიანი“ ვიყავი და ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა გოლების გატანის შესაძლებლობა. ესპანეთში 25 წელი ვიცხოვრე, თქვენ იცით, რასაც ნიშნავს ეს. მე მინდორზე ლიდერი ვიყავი. დღეს ლიდერი ვხდები ჩემი გამოცდილების წყალობით.
არ შემიძლია, ორი სიტყვით აგიხსნათ, როგორ ვაპირებ მოგებას. შესანიშნავი გუნდი მყავს. უნდა გავეცნო სიტუაციას, შევხვდე მოთამაშეებს, ავუხსნა მათ ჩემი სათამაშო გეგმა და ის, რას გავაკეთებთ ერთად მომავალში. ახლა ჩემზე, როგორც მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა მოგებას ეს გუნდი.
საფრანგეთის ნაკრების თამაში და შედეგები ბრწყინვალე იყო. ყველაფერი ძალიან მომწონდა, როგორც სხვებს. გულშემატკივრებს არაფერი აქვთ საწუწუნო.
ჩვენ სხვაგვარად მუშაობას ვაპირებთ. დეშამი დეშამია, ბლანი – ბლანი, ზიდანი – ზიდანი. მე ვაპირებ იმის კეთებას, რაც ვიცი. მინდა სტაბილურობის უზრუნველყოფა, რათა საფრანგეთის ნაკრებმა მოგება გააგრძელოს“.
ზიდანმა ასევე ილაპარაკა იმაზე, რას აკეთებდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როცა 2021 წელს „რეალი“ დატოვა და მთელი ეს პერიოდი უმუშევარი იყო:
„ეს ხუთი წელი გულხელდაკრეფილი არ ვყოფილვარ. იმაზე მეტი მატჩი ვნახე, ვიდრე „რეალში“ მუშაობის პერიოდში. ბევრს ვაკვირდებოდი საფრანგეთის ნაკრებს, და მას დიდი პოტენციალი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი სამშაბათს ოფიციალურად დაინიშნა საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. 54 წლის სპეციალისტმა ეროვნულ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ზიდანის ასისტენტები იქნებიან დავიდ ბეტონი და ჰამიდუ მსაიდი, რომლებიც მასთან ადრეც მუშაობდნენ. ასევე, მის გუნდში შევლენ ფიზმომზადების მწვრთნელი გრეგორი დუპონი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები – ფაბიენ ბარტეზი და ბერნარ დიომედი.