ზიდანი - დღეს „რეალში“ ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს
ზიდანი - დღეს „რეალში“ ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

„რეალ მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მადრიდულმა სამეფო კლუბმა მთავარი მწვრთნელი უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში შეცვალოს და რომ ერთ-ერთი კანდიდატი „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინოა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიდანის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ გამოთქვამს.

„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ვნება. მე იმით ვცხოვრობ, რაც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიყვარს. ამ არაჩვეულებრივ კლუბში მუშაობა საამაყოა და მე ყოველი აქ გატარებული წამით სიამოვნებას ვიღებ. მიუხედავად ამისა, ისტორიას ფეხბურთელები წერენ და არა მწვრთნელები“, – ამბობს ზიდანი. – „არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო სეზონში. ჩემთვის მთავარი სტაბილურობაა. ვგრძნობ, რომ კლუბის მხრიდან მხარდაჭერა მაქვს, თუმცა ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ცხოვრება ასეთია“.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდის „რეალმა“ რამდენიმე დღის წინ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე, „ბარსელონა“, საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.