ზიდანი - ბენზემა მსოფლიოში საუკეთესოა
ზიდანი - ბენზემა მსოფლიოში საუკეთესოა

რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ კარიმ ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო 9 ნომერია. კვირას, 21 აპრილს, მადრიდელებმა ბილბაოს ატლეტიკი 3-0 დაამარცხეს და სამივე გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა.

ბენზემამ ჯერ მეორე ნახევრის დასაწყისში აიღო მეტოქის კარი, როდესაც მარკო ასენსიოს მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება, შემდეგ კი ბასკთა მეკარის, იაკო ერერინის ორი შეცდომა გამოიყენა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

„ჩემთვის კარიმი საუკეთესო 9 ნომერია მსოფლიოში, თუმცა სხვა კარგი ფეხბურთელებიც არსებობენ და ვიღაცამ შეიძლება სხვა აირჩიოს“, – განაცხადა ზიდანმა. – „ბენზემას მიერ მადრიდში გატარებული ბოლო 10 წელი ამის დასტურია“.

აღსანიშნავია, რომ გარეთ ბეილის გამოჩენას მადრიდელი გულშემატკივრები ისევ უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, უელსელმა ორ გოლში მიიღო მონაწილეობა: ჯერ კუთხური მოიპოვა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამ მეორედ აიღო ბილბაოს კარი, შემდეგ კი 31 წლის ფრანგს საგოლე პასი მისცა.

„დასანანია, გარეთმა რომ ვერ გაიტანა, არადა შანსები ჰქონდა“, – განაცხადა ზიდანმა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არიან გულშემატკივრები უკმაყოფილონი მაინც და მაინც ბეილით, როდესაც არც სხვა ფეხბურთელები წყვეტენ ვარსკვლავებს, ზიდანმა უპასუხა, რომ ეს მისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია.