ზიდანი - „აზართან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“
ზიდანი - „აზართან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“

„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ედენ აზარის მოედანზე გაყვანას არ იჩქარებს, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი ფორვარდი სათამაშოს მზად არის. აზარი მადრიდულ გრანდში „ჩელსიმ“ ამ ზაფხულს 130 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა, თუმცა ფეხბურთელმა 16 აგვისტოს ტრავმა მიიღო და ჯერ ოფიციალურ მატჩში ახალი გუნდის მაისურით მონაწილეობა არ მიუღია.

„აზარს რაც შეეხება, ნელ-ნელა უნდა მივყვეთ“, – განაცხადა ზიდანმა პრეს-კონფერენციაზე, – „სამი კვირაა, რაც დაშავებულია და ამ კვირაში ვარჯიში დაიწყო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის ახლა მზად არის და ეს ყველაზე მთავარია. რამდენიმე წუთს აქა-იქ მივცემ, მაგრამ ერთბაშად მოედანზე არ შევაგდებ. მომდევნო 21 დღეში შვიდი თამაში გვაქვს და ჭკუით უნდა მოვიქცეთ“.

შაბათს, 14 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, მადრიდელები „ლევანტეს“ მასპინძლობენ, 18 სექტემბერს კი საფრანგეთის დედაქალაქში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყებენ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს.