„ზესტაფონის“ მოთამაშეები „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდნენ - კლუბმა თავდამსხმელი „კოლხეთიდან“ დაიმატა #1TVSPORT
„ზესტაფონის“ მოთამაშეები „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდნენ - კლუბმა თავდამსხმელი „კოლხეთიდან“ დაიმატა #1TVSPORT

„ზესტაფონმა“ ამხანაგური შეხვედრა რეგიონალური ლიგის წარმომადგენელთან, ქუთაისის „მართვესთან“ გამართა და 6:1 დაამარცხა.

ცნობილი გახდა, რომ კლუბში საკადრო სიახლეებია. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და საკვანძო მოთამაშემ, ლაშა ნანობაშვილმა დატოვა – 21 წლის ნახევარმცველი კარიერას „ვიტ ჯორჯიაში“ გააგრძელებს.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონსა“ და „დინამო თბილისს“ შორის მიღწეულია შეთანხმება ჯუმბერ ხმელიძის თაობაზე – მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე ზემოიმერელთა საუკეთესო ბომბარდირი თბილისურ კლუბში ითამაშებს. ის თორნიკე ახვლედიანის შემდეგ მეორე თავდამსხმელია, რომელიც „დინამომ“ მიიწვია.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ ახალწვეულიც ჰყავს – გუნდმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი ვანო წილოსანთან გააფორმა – საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილ თავდამსხმელთან. 25 წლის წილოსანი ბოლოს მესამე ლიგის ფოთის „კოლხეთში“ თამაშობდა.

წილოსანი იყო „დინამო თბილისი 2“-ის წევრი, თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, ჩოხატაურის „ბახმაროში“, ქუთაისის „ტორპედოში“, თურქეთის რეგიონული ლიგის გუნდში, მარტვილის „მერანსა“ და ფოთის „კოლხეთში“.