ზელენსკის თქმით, პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იყრის კენჭს
ზელენსკის თქმით, პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იყრის კენჭს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მიდის ევროპისკენ. ამის შესახებ მან პეტრო პოროშენკოსთან დებატებისას განაცხადა.

„უკრაინამ აირჩია გზა ევროპისკენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის ჩვენმა ქვეყანამ გადაიხადა ძალიან დიდი ფასი – ადამიანების სიცოცხლე მაიდანზე. თქვენ არ ხართ წინასწარმეტყველი და მე არ ვარ მოსე, ჩვენ არ შეგვიძლია სადმე წავიყვანოთ უკრაინა, უკრაინა მიდის ევროპისკენ. თქვენ კი, როგორც გარანტმა, უნდა დაიცვათ უკრაინელთა არჩევანი. თუ ხალხი მე ამირჩევს, მეც უნდა დავიცვა ხალხის არჩევანი, უკრაინელთა ევროპული არჩევანი“ – განაცხადა ვალდიმირ ზელენსკიმ.

შეკითხვაზე, თუ სად ხედავს უკრაინას ხუთი წლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იყრის კენჭს და ხუთი წლის შემდეგ ის აღარ იქნება პრეზიდენტი.

„ხუთი წლის შემდეგ იქნება სხვა პრეზიდენტი. მე მინდა, რომ ამ დროს თქვენი გარშემომყოფები არ იყვნენ პოლიტიკაში“, – მიმართა ზელენსკიმ პორშენკოს.

იგორ კოლომოისკისთან კავშირების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ყველა ტელეარხი რომელიმე ოლიგარქს ეკუთვნის. ზელენსკის განცხადებით, წარსულში მეხუთე არხზე მუშაობას მას თავად პეტრო პოროშენკოც სთავაზობდა, თუმცა ის არ დათანხმდა, რადგან მისთვის მიუღებელია, რომ ოლიგარქი იყოს პრეზიდენტი.

პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის დებატებს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 22 ათასი ადამიანი ესწრება.