ზედიზედ მეორე გოლი - ზივზივაძემ ზაგრების „დინამოს“ გაუტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძე და უნგრეთის გუნდი „ფეჰერვარი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. უნგრელებმა ხორვატული შეკრების მეცხრე დღეს მეოთხე საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და 1:2 წააგეს.

ფეჰერვარი“ ამჯერად ხორვატიის ლიგის მოქმედ ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა, რომელიც ჩემპიონატს მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში უნგრელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-13 წუთზე გუნდი ეფექტური დარტყმით დააწინაურა. მან თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. 23-ე წუთზე პენალტით წონასწორობა მისლავ ორშიჩმა აღადგინა, ტაიმის ბოლოს, 44-ე წუთზე, ზივზივაძის დარტყმის შემდეგ „დინამოს“ მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ ამჯერად მსაჯმა პენალტის დანიშნვა საჭიროდ არ ჩათვალა და ტაიმი 1:1 დასრულდა. ზივზივაძემ მე-60 წუთზე მოედანი დატოვა. ზაგრებელებს კი გამარჯვება 88-ე წუთზე, ლოვრო მაიერმა მოუტანა 2:1.

ხორვატიაში „ფეჰერვარის“ მოსამზადებელი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. უნგრელები ბოლო საკონტროლო მატჩს შაბათს, 16 იანვარს, „ოსიეკას“ წინააღმდეგ გამართავენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.