ზედიზედ 21-ე გამარჯვება - „სიტი“ კვლავ შეუჩერებელია [ვიდეო]

გვარდიოლას შეგირდები პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში „ვულვერჰემპტონს“ შეხვდნენ და მეტოქე, რბილად რომ ვთქვათ, დამაჯარებელი ანგარიშით დაამარცხეს – 4:1.

მატჩი მე-80 წუთამდე ფრე იყო (1:1) და თითქოს „ვულვერჰემპტონი“ მრისხანე მეტოქეს საკმარის წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მეორე ტაიმის მიწურულს „სიტიმ“ სამი გოლის გატანა შეძლო. დუბლი შეასრულა გაბრიელ ჟეზუსმა.

„სიტისთვის“ ეს შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 21-ე მატჩი მოიგო და დიდ რეკორდებს მიუახლოვდა. მანჩესტერული კლუბი ამ მიღწევით, ჯერჯერობით, მესამე ადგილზეა, მეორეზე „რეალი“ გახლავთ 22 მოგებით (2014 წელი) და „ბაიერნი“ 23 გამარჯვებით (2020 წელი).

„სიტის“ ბრწყინვალე სეზონი, რა თქმა უნდა, სტატისტიკაზეც აისახა. მანჩესტერული კლუბი ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს 15 ქულით“ უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მომდევნო ტურში „სიტი“ სწორედ „იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.