ზაზას თასი 2020 - მემორიალი დღეს დაიწყება
ზაზას თასი 2020 - მემორიალი დღეს დაიწყება

დღეს, 4 სექტემბერს, სპორტკომპლექს „არენა 1-ის“ დარბაზში სტარტს აიღებს ზაზა დარასელის მე-20 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში. ზაზა დარასელი – ნიჭიერი ჟურნალისტი და მწერალი, ჩინებული სპორტსმენი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცი 2001 წელს, უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, ზაზას ხსოვნის ტურნირი სისტემატურად ტარდება და მასში, ძირითადად, ჟურნალისტები მონაწილეობენ. „ზაზას თასი“ ცხრაჯერ ზედიზედ მოიპოვა მეორე არხის გუნდმა, ორჯერ საპატრიარქოს ტელევიზიის – „ერთსულოვნების“ წარმომადგენლებმა იმარჯვეს, თასი ოთხჯერ მოიპოვეს პირველარხელებმა. ზაზას თასის მფლობელები არიან ტელეკომპანია „იმედის“ , მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“, ტელეკომპანია „მაესტროს“ და აფხაზეთის გუნდები.

წლევანდელი ტურნირის ფინალური მატჩი 8 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით: წლეულს, 20 ივნისს, ზაზა დარასელს 70 წელი შეუსრულდებოდა.

ტურნირზე კიდევ ორ გარდაცვლილ კოლეგას მივაგებთ პატივს. ყველაზე კორექტულ გუნდს გადაეცემა მერაბ ოდიშარიას სახელობის თასი, საუკეთესო ფეხბურთელი კი ჯაკო (ლევან) ჩხაიძის თასს დაიმსახურებს.

ტურნირი ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით, ორგანიზატორები კი ზაზას მეგობრები არინ. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ზაზას თასი“ ყველაზე სტაბილური ტურნირია – ის ზედიზედ მეოცედ ტარდება.

წლევანდელი გათამაშება დღეს, 18 საათზე, პირველი არხისა და პოსტივის გუნდების შეხვედრით დაიწყება.