„გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი დრეიმონდ გრინი კოლეჯის ლიგის გუნდმა „მიჩიგან სტეიტ სპარტანსმა“ დააფასა. ამ გუნდში გრინი 2008-2012 წლებში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლამდე ასპარეზობდა. დრეიმონდ გრინისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ლიგის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც დაესწრო.
დრეიმონდ გრინი სწორედ მიჩიგანში გახლავთ დაბადებული, ამდენად მოულოდნელი არ ყოფილა, რომ „სპარტანსმა“ გრინის მაისურის ხმარებიდან ამოღება გადაწყვიტა.
საზეიმო ღონისძიება „დუკის უნივერსიტეტთან“ მატჩის შესვენებაზე გაიმართა და ამერიკელი კალათბურთელისთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მან ცრემლის შეკავება ვერ შეძლო. გრინის გვერდით მისი ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელებიც იყვნენ, მათ შორის, ფაჩულია და კლეი ტომპსონიც.