ზავი ზესტაფონში - სამტრედია ზესტაფონში ითამაშებს [ვიდეო]

„სამტრედიამ“ ეროვნული საფეხბურთო ლიგაში „რუსთავთან“ შეხვედრა კვლავ ახალ არენაზე გამართა, ფრედ ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

ეროვნული ლიგის 26-ე ტური ამ მატჩით დასრულდა, რომელიც ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. ანგარიში 31-ე წუთზე რუსთაველთა ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილმა გახსნა.

„სამტრედიამ“ წონასწორობა 45-ე წუთზე აღადგინა – ოლეგ მამასახლისი მეტოქესთან ბრძოლაში საჯარიმოსთან წაიქცა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა 1:1.

მეორე ტაიმში გუნდების მცდელობას უშედეგო აღმოჩნდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „სამტრედია“ 14 ქულით ისევ მეცხრე ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან“ უპირატესობა ორ ქულამდე გაზარდა, ხოლო „რუსთავი“ 28 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.

საინტერესოა, რომ წელს „სამტრედიამ“ საშინაო შეხვედრა უკვე მესამე ქალაქში გამართა. სამტრედიის სტადიონის რეკონსტრუქციის გამო, იმერულმა კლუბმა სეზონი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დაიწყო, მერე ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ გადაინაცვლა, მერე ისევ „მიხეილ მესხზე“ დაბრუნდა, ახლა კი მეტოქეთა მასპინძლობა ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გადაწყვიტა.