ზავი გორში - „დილამ“ „ტორპედო“ ვერ დაამარცხა
ზავი გორში - „დილამ“ „ტორპედო“ ვერ დაამარცხა

„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა – „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება და მერვედან მეექვსე ადგილზე დაწინაურების შანსით ვერ ისარგებლა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში „დილას“ ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა მე-13 წუთზე გახსნა, მაგრამ ქუთაისელთა თავდამსხმელმა თემურ ჩოგაძემ 24-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – 1:1. შესვენებამდე ქუთაისელებმა დაწინაურებაც მოახერხეს – გოლი რაფაელ ჩუკვურას ანგარიშზეა – 1:2. „დილამ“ მეორე ტაიმში ვითარება გამოასწორა და გიორგი კუციამ 57-ე წუთზე ქუთაისელთა კარი აიღო. თუმცა, გორელებმა მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და გუნდები ფრეზე გაიყარნენ 2:2.

„ტორპედომ“ 24-ე ტურის შემდეგ (ერთი თამაში გადადებული აქვს) 35 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივის“ გადასწრების შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა. გორის „დილა“ კი 27 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ტური კვირას, 25 აგვისტოს დასრულდება: „საბურთალო“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება, ხოლო „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.