ზაურ სვანაძეს 65 წელი შეუსრულდა #1TVSPORT
ზაურ სვანაძეს 65 წელი შეუსრულდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ ნახევარმცველს, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულს, ზაურ სვანაძეს 65 წელი შეუსრულდა.

ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლაში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან დაიწყო, პროფესიული კარიერა კი – ქუთაისის „ტორპედოში“, სადაც 1976–1980 წლებში თამაშობდა. ნოდარ ახალკაცმა თბილისის „დინამოში“ გუნდის პიკში, 1981 წლის იანვარში აიყვანა.

სვანაძემ „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი 1981 წლის 4 მარტს თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც „აპტონ პარკზე“ 35 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:1 დასრულდა.

ზაურ სვანაძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 1981-დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და 343 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ-ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. გუნდის ფორმით 67 საერთაშორისო შეხვედრა (4 გოლი) ჩაატარა, აქედან 17 მატჩი – ევროტურნირებზე.

„დინამოდან“ წასვლის შემდეგ, 1990 წლიდან შვედური საფეხბურთო კლუბების, „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა ამავე კლუბში 1995 წელს დაასრულა.

კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა შვედეთში, „ლოკომოტივში“, ბაქოს „ინტერში“, „დინამო თბილისში“, ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო სტაფშია და ევრო 2023-ისთვის გუნდის მომზადებაში მონაწილეობს.