დონეცკის „ოლიმპიკის“ კაპიტანმა, ზაურ მახარაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
დონეცკის „ოლიმპიკის“ კაპიტანმა, ზაურ მახარაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ზაურ მახარაძემ ბავშვობის ოცნება აისრულა – უკრაინაში დაბადებულმა ქართველმა მეკარემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მას ქართული პასპორტი დღეს, ფეხბურთის ფედერაციაში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

„ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ჩემი ქვეყნის გამოძახება დიდი მოტივაციაა, რისთვისაც დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას. იმედია, ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრის მოლოდინს გავამართლებ“, – ამბობს ზაურ მახარაძე.

დონეცკის „ოლიმპიკის“ 25 წლის კაპიტანმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში დაიწყო. 2009-2014 წლებში, ამ ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2017 წელს კი, უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელეს.

მახარაძემ სამშობლოს სახელით თამაში ამჯობინა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. მოლპარაკებები ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, “ოლიმპიკის” მეკარე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მალტასთან (1 ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) დაგეგმილ მატჩებში გამოიძახა.