ზარანდია კლუბს ტრანსფერზე ელაპარაკა - „არკა“ ამას არ შეეწინააღმდეგება
ზარანდია კლუბს ტრანსფერზე ელაპარაკა - „არკა“ ამას არ შეეწინააღმდეგება

გდინიას „არკას“ თავდამსხმელმა ლუკა ზარანდიამ sport.trojmiasto.pl-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს შესაძლო ტრანსფერზე ელაპარაკა და რომ „არკასგან“ მიიღო დაპირება, რომ ხელს არ შეუშლიან.

საქმე ისაა, რომ „არკას“ მწვრთნელმა ზბიგნიევ სმოლკამ განაცხადა, რომ ქართველით დაინტერესებული კლუბი გუნდის ფინანსურ მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებს, გდინიას დატოვებაში ხელს არ შეუშლიან.

„ამის თაობაზე ვილაპარაკეთ. მითხრა, რომ კლუბი და მწვრთნელი მზად არიან, და რომ პასუხი არ იქნება – „შენ უნდა დარჩე“. ეს ჩემთვის დადებითი სიგნალია. მაგრამ ჯერ არც ერთი კლუბის წარმომადგენელი არ დამკავშირებია და ჩემს მენეჯერს ამის შესახებ არ უცნობებია. რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, მეტყოდა“ – ამბობს ზარანდია.

ლუკა ზარანდია ამბობს, რომ ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთში მოხვედრა სურს.

„- მინდა, რომ ჩემს კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა, მოვხდე ასეთ ლიგაში და დავამტკიცო, რომ თამაში შემიძლია. მაგალითად, იტალიაში შეიძლება ტაქტიკურად და დაცვით ფუნქციებში გაიზარდო, ესპანეთშიც – ტაქტიკაა, ბუნდესლიგაში სწრაფი ფეხბურთია. ამ ხუთი ლიგიდან არც ერთი ისეთი არაა, რომელზეც უარს ვიტყვი. „არკასთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე მაქვს. დაინტერესების შემთხვევაში ყურადღებას ფულს არ მივაქცევ – ეს ჩემს ასაკში მთავარი არაა. მთავარია, სად გავიზრდები. თუ ეს სწორად შეარჩიე, მერე მეტი ფულიც მოვა. ამიტომ მინდა, რომელიმე ძლიერ ლიგაში მოვხვდე. იქ თუ ვერ ითამაშებ, ფულის გასაკეთებლად ყოველთვის შეძლებთ, მაგალითად, ყაზახეთში წასვლას. მხოლოდ ფულს თუ უყურე, ყაზახეთიდან ბუნდესლიგაში ვერასდროს მოხვდები“.