„ზამთრის თასზე“ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების ყოფილი ვარსკვლავები ითამაშებენ
„ზამთრის თასზე“ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების ყოფილი ვარსკვლავები ითამაშებენ

12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება იწყება.

12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი ნახევარფინალისტებს გამოავლენენ, ხოლო 14 იანვარს – გამარჯვებულს.

სიახლეა ის, რომ ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, თასს 14-წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. 14-წლამდელების მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ – საქართველოს რეგიონების 12 ნაკრები, თბილისის ელიტლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემია.

14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფა-ს, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანთა ნაკრებები ითამაშებენ.

ცნობილი გახდა ტურნირზე მოწვეული კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის გვარი – „იუვენტუსის“, „ნაპოლისა“ და „პარმას“ ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ამორუზო, „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ფორვარდი მაურიციო განცი, „ვილიარეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი შემტევი ჟოან კაპდევილა.

12 და 13 იანვარს მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10:00 საათიდან დაიწყება. ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდები 14 იანვარს, 11:30 საათიდან ითამაშებენ.

„ზამთრის თასის“ ჯგუფური ეტაპისა და პლეიოფის მატჩებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდი, ხოლო 14 იანვარს, 19:00 საათიდან ფინალურ შეხვედრებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.