„ზამთრის თასი“ - ფინალისტები ცნობილია
„ზამთრის თასი“ - ფინალისტები ცნობილია

„ზამთრის თასზე“ 15-წლამდელ ფეხბურთელთა ტურნირის მეორე ფინალისტი, თბილისის „დინამო“ გახდა.

თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ტარდება, „დინამომ“ პირველ ტურში რაჭის ნაკრები 12:0 დაამარცხა, სფფ აკადემიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მესამე ტურში კი სამეგრელოს ნაკრები 5:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ქართლის ნაკრებს 8:0 სძლია. ფინალში „დინამოს“ მეტოქე „საბურთალო“ იქნება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ფინალისტები ეროვნული ლიგის გუნდების გათამაშებაშიც გაირკვა. მეორე დღეს „გ“ და „დ“ ჯგუფის მატჩები და მეოთხედფინალები გაიმართა. „გ“ ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით „გაგრამ“ დაიკავა, მეორეზე 3 ქულით თბილისის „ლოკომოტივი“ გავიდა, თბილისის „ნორჩმა დინამომ“ კი, ორივე შეხვედრა დათმო და ბოლო ადგილს დასჯერდა. მეოთხედფინალში თამაშის უფლება „გაგრამ“ და „ლოკომოტივმა“ მოიპოვეს. .

„დ“ ჯგუფში საუკეთესო შედეგი „შევარდენმა“ აჩვენა – 6 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო. ერთი მოგებითა და ერთი მარცხით მეორე ადგილზე „რუსთავი“ გავიდა, ქუთაისის „ტორპედომ“ კი 17-წლამდელებით ითამაშა, ორივე შეხვედრა წააგო და გათამაშება 0 ქულით დაასრულა.

მეოთხედფინალში თბილისის „შევარდენი 1906“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 0:6 წააგო, „რუსთავი“ კი – „გაგრასთან“ დამარცხდა 1:2. ნახევარფინალში კი „ცხინვალმა“ 3:0 სძლია „ლოკომოტივს“. გუნდის წარმატებაში დიდი როლი უდავო ლიდერმა, ლევან ქურდაძემ ითამაშა. გამოცდილმა მცველმა მე-8 და მე-11 წუთებზე, ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამით მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ, ცხინვალელებმა „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი გოლი გაუტანეს და ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

თბილისის „დინამომ“ კი, რომელიც 19-წლამდელებსი გუნდით გამოდის, „რუსთავს“ 5:3 სძლია და ზამთრის თასის ფინალში მეორედ იასპარეზებს. პირველად ეს 2017 წელს მოხდა და მაშინ დედაქალაქური კლუბი გადამწყვეტ შეხვედრაში „გაგრასთან“ დამარცხდა.

„ზამთრის თასი 2019-ის“ ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ცხინვალი“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 18:45 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 11:00 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს 2018 წლის გათამაშების გამარჯვებული, თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“ შეხვდებიან.

„ზამთრის თასი 2019“-ზე დასწრება უფასოა და დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორებისგან რამდენიმე სიურპრიზი ელით.