ზამთრის თასი 2020 | 15-წლამდელებში ფინალისტები ცნობილია
ზამთრის თასი 2020 | 15-წლამდელებში ფინალისტები ცნობილია

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტები ცნობილია.

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ნახევარფინალებში „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიას შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 9:2. თბილისელებმა ფინალში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს. აქედან ორჯერ ტურნირი მოიგეს.

მეორე ნახევარფინალში „ბ” ჯგუფის პირველადგილოსანი „საბურთალო“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიას დაუპირისპირდა და ეს დაძაბული შეხვედრა დასრულდა რუსთაველთა გამარჯვებით (4:2), რომელიც 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ისტორიაში ფინალში პირველად იასპარეზებს.

ზამთრის თასის 15-წლამდელთა ტურნირის ფინალური შეხვედრა ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 19 იანვარს 18:20 საათზე დაიწყება.

ზამთრის თასი 2020 ლეგენდების გათამაშებით 19 იანვარს დასრულდება. ტრადიციად ქცეული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 13:30 საათიდან დაიწყება. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები 14:00 საათზე უეფას გუნდს დაუპირისპირდება.

ლეგენდების ტურნირის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხის Facebook გვერდი 13:30 საათიდან შემოგთავაზებთ. 19:00 საათიდან კი ფინალური შეხვედრის ხილვა გულშემატკივარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.