ზამთრის ოლიმპიადა იხსნება - მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა პირველ და მეორე არხებზე

დღეიდან 25 თებერვლის ჩათვლით, პირველი და მეორე არხების საეთერო დრო უმეტესად ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშებს დაეთმობა.  სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მოიყრიან თავს. 16 დღის განმავლობაში პირველ და მეორე არხებზე ზამთრის 15 სპორტულ სახეობას იხილავთ. შეჯიბრები კორეის ორ ქალაქში გაიმართება. პიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია ცენტრალური ადგილი იქნება, სადაც ასპარეზობები ამ სახეობებში შედგება: სამთო სათხილამურო სპორტი, ტრამპლინი, ციგა, ბობსლეი, სკელეტონი, ბიატლონი და სხვა. მეზობელი ქალაქი კანინი კი ძირითადად იმ სახეობებს უმასპინძლებს, რომლებიც დარბაზში ტარდება – ჰოკეი, ქერლინგი, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი და ფიგურული ციგურაობა.

ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები პიონჩანგში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება. ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.

პირველი და მეორე არხების მაყურებელი პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას პირდაპირ ეთერში იხილავს. რეპორტაჟები პიონჩანგიდან 05:00 საათიდან 19:00 საათამდე გადაიცემა. გარდა ამისა, პირველი არხის ეთერში დღეში ორჯერ გავა სპეციალური გადაცემა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება. კორეაში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფიც, რომელიც უახლეს მოვლენებს სოციალური მედიისა და სატელევიზიო ეთერის საშუალებით, რეგულარულად შემოგთავაზებთ.

ოლიმპიადის მიმდინარეობისას მულტიმედიური მასალების ნახვას შეძლებთ შემდეგ ბმულზე.

9-12 თებერვლის რეპორტაჟების განრიგი იხილეთ ბმულზე.